თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს უპასუხა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ კორექტულები და ეცადონ ნაკლებად მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა. 

"დღეს არ არის თბილისის საკრებულოში ერთ-ერთი საუკეთესო დღე. ყოფილა ვნებათა ღელვა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ესეც უნდა იყოს. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ვართ და არ გვაქვს ერთიანი ღირებულებები და შეხედულებები ჩვენი ქვეყნის მომავალთან და ბედთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ვიყოთ კორექტულები. რაც უფრო ახლოვდება საარჩევნო ციკლი და პერიოდი, მით უფრო გამძაფრდება ჩვენ ქვეყანაში ვითარება. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და რაც შეიძლება მეტი არეულობა უნდათ, რომ შედეგად მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და ეს ქვეყანა და გააუბედურონ უამრავი ადამიანი, როგორც ეს ხდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ ოპოზიციას ამ დამოკიდებულებაზე საქართველოს მოქალაქეები პასუხს გასცემენ და არჩევნებზე კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ცვლილებები კი ამ ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების გზით განხორციელდება.