ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ტელეკომპანია „იმედს“, ყველა იმ ტელევიზიას, რომელიც სიმართლეს ამბობს და იმ ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებსაც გდევნიან ერთადერთი მიზეზის გამო - ბედავთ და ამბობთ სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
იგი ტელეკომპანია „იმედთან“ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა, რომლის ორგანიზატორები კერძო ტელეკომპანიისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.
„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ტელეკომპანია „იმედს“, ყველა იმ ტელევიზიას, რომელიც სიმართლეს ამბობს და იმ ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებსაც გდევნიან ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ბედავთ და ამბობთ სიმართლეს, მათ მხარეს არ დგახართ, ვისაც ამ ქვეყნისთვის უბედურება უნდა, ვისაც მხოლოდ ტყუილითა და დეზინფორმაციით უნდა წარმატების მიღწევა, ვისაც ამ ქვეყანაში მაიდანის მოწყობა უნდა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია და უკან, ბნელ წარსულში დაბრუნება. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. თქვენ ხართ ყველაზე რეიტინგული ტელევიზია და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც აკეთებთ, იმისთვის, რაც უნდა გააკეთოთ საქართველოში მართალი სიტყვის დასაცავად და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.