"ჩვენ უნდა გავიაზროთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და რბილად რომ ვთქვათ, ეს ამბები გარედან არის შეფითილებული. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი მტრები არიან?! არა, უბრალოდ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ეს არის მოცემულობა", - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, ბევრად ადრე, ვიდრე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო გაჩნდებოდა, ეს ისტორიული მოცემულობაა, იქ ვართ და არსად შესვლა არ გვჭირდება.
"ჩვენ ტრაგიკული ისტორიის ხალხი ვართ, მტერი უამრავი გვყავდა, დღესაც გვყავს და სულ გვინდა, ვიღაცები გვიყვარდეს, იმათ კი ჩვენ ვუყვარდეთ. დამოუკიდებლობას რომ ვაღწევდით და უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, აბა, ხაჭაპური, ღვინო… ეს ურთიერთობა გადაგქვონდა ქვეყნებზე. გვეგონა, ის ქვეყანა გაიბუტებოდა, იმას ვახსოვდით და იმას ვავიწყდებოდით; ვამბობდით, რომ ბალტიისპირელები ჩვენი ძმები იქნებიან, რადგან ჩვენ მათ როგორ ვგულშემატკივრობდით და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ ევროპაში გვინდა, მაგრამ სულ იქ ვიყავით და ვართ. ჩვენ უნდა გავიაზროთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და რბილად რომ ვთქვათ, ეს ამბები გარედან არის შეფითილებული. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი მტრები არიან?! არა, უბრალოდ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ეს არის მოცემულობა. ჩვენ ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, მაგრამ შიგნით უამრავი წინააღმდეგობა იყო, ომები და მთელი ამბავი. ანგარიში ძმებშია და რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება. იმას მეტი უნდა, გააკეთოს, ჩვენ კი ჩვენი უნდა გვინდოდეს. აგერ, იტალიის პრემიერმა ისეთი სიტყვები უთხრა მაკრონს, რომ იტყვიან, ჩვენ გული გაგვისკდებოდა, მაგრამ არაფერი, ჩვეულებრივ არიან ურთიერთობაში. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. გვინდა ევროკავშირში, მაგრამ, არც ცალ ფეხზე დავდგებით და არც ცალ ყურზე, პატივისცემით ვიქნებით, ზოგჯერ ვიჩხუბებთ და ზოგჯერ რაღაცას ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, ჩვენი კულტურით, ლიტერატურით, ფილმით, დამოკიდებულებით, სოციალური ყოფით, ოჯახით და ა.შ. დიდი პატივისცემით აზიის მიმართ, მაგრამ ჩვენ აქეთ ვართ და ესაა მოცემულობა. ვახტანგ გორგასალმა რომ დაიბარა, ამ გზას არ უღალატოთო, ეს არის ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ერეკლე მეფემ ყველაფერი სცადა, რათა პირდაპირ ევროპისკენ გაეჭრა გზა და პირდაპირ რომ ვერ გაჭრა, პეტერბურგით მოუარა. ის პეტერბურგიც ევროპა იყო და თუ ვინმემ არ იცის ეს და რაღაც სხვა ჰგონია, მისი პრობლემაა." – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.