ის, რომ ახლა ჩვენ მუშაობას დავიწყებთ მოცემულ პუნქტზე მეგობრულად, შეთანხმებულად, კონსტრუქციულად, მაგის არ მჯერა, მგონია, რომ მთავარი ამბავი აქ არის არჩევნების თემა და ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება მშვიდობიანად, მე ვერ წარმომიდგენია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ პუნქტებზე სერიოზული მუშაობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ის მზად არის სამუშაო ჯგუფებში მიიღოს მონაწილეობა.
„სინამდვილეში საუბარი ამ თემებზე, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა არარელევანტურია, რადგან შეუძლებელია ამის განხილვა დღევანდელ მოცემულობაში. ჩვენ ბოიკოტს არასდროს ვუცხადებთ, მე ვიყავი დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრი, ჩემი თვალით ვნახე რამდენად უშინაარსო იყო ეს კონკრეტული ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში, ახლაც იგივენაირადმოვიქცევი, თუ ეს პროცესი განვითარდა, მაგრამ არ მჯერა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს საერთოდ შესაძლებელია, თორემ მე მზად ვარ. მეოთხე პუნქტი ამ ცხრა პუნქტში არის არჩევნები, თუ ჩვენ არჩევნები ვერ ჩავატარეთ, თუ მასში კიდევ ეჭვი შევიტანეთ და შეიტანეს, მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩემი აზრით, ამ პუნქტებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მხოლოდ არჩევნების პატიოსნად ჩატარების შემდეგ გვაქვს შანსი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, ამ ხალხმა მოახერხოს ევროპელებთან ერთად ჯერ გაარკვიოს ამ პუნქტების შინაარსი და მერე იმუშაოს მათ შესრულებაზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.