"ევროპული საქართველოს" წევრი, ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებაზე, პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, ქართული ოცნების ჯანდაცვის პოლიტიკა ხასიათდება უზარმაზარი სახელმწიფო რესურსების ხარჯვით ისე, რომ მას ეფექტი არ აქვს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, თუ ვინ იქნება მინისტრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
„პრემიერს საპარლამენტო გამოსვლაში ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი ახალი ჯანდაცვის პოლიტიკასთან მიმართებაში. რეალურად, შინაარსობრივად ეს იყო წინა პრემიერის გამოსვლის გადამღერება. ფაქტობრივად ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და ეს ალბათ მორიგი შიდაპარტიული, თუ შიდაკლანური დაპირისპირებაა მეფის კარზე“ - თქვა ვახტანგ კალოიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.