შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან არსებული ვითარება შეაჯამა. მინისტრი მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულების ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად. 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი. იცით, რომ 9 ადამიანს ვეძებთ ისევ, დაკარგულად ითვლება. ჩართულია პირველივე საათებიდან სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე, ბატონი პრემიერის დავალებით, ყველა სამსახური და სტრუქტურა, ტექნიკა მუშაობს, 60-მდე და მიდის სამაშველო სამუშაოები. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის უკვე შემოწმებულია, გადასულია უკვე პირველადი დონე რაც იყო იქამდე. რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს და გადავერთვებით უკვე ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე მდინარის 50 კილომეტრის მონაკვეთს ამუშავებენ და მერე ალბათ უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, - აღნიშნა გომელაურმა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.