ამ წუთას ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რადგან ამხელა ეჭვი გააჩინა, არაფერი კონკრეტული არ თქვა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ზურაბ აზარაშვილის ამ წერილს აღიარებითი ჩვენების მახასიათებლები არ აქვს. ის ზოგადი მონაცემებითა და ზოგადი ფრაზებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არსებობდა. რაც შეეხება ბიზნესს დაჯგუფებებს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ბიზნესებს ხელისუფლების შანტაჟის მეტი უნარი აქვთ. თუ ხელისუფლება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება, რა თქმა უნდა, მისით ექსპლუატაციის მცდელობა ყოველთვის იქნება.
რაც შეეხება არარეგისტრირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც, თურმე, ონკოლოგები ნიშნავენ და რომლებზეც აზარაშვილმა თავადაც ისაუბრა თავის წერილში, ეს იცით როგორი განცხადებაა? ჩემი მეზობელი რომ მიყვება, პერიოდულად, რომ საბაჟოზე შემოსულ ვადაგასულ კვერცხს ახალ ბეჭედს გადაარტყამენ. ეს არასერიოზული განაცხადია. თუ ეს ადამიანი მოტივირებული და მოწადინებულია, რომ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, მაშინ რებუსებით არ უნდა გველაპარაკებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა თვლის რომ ბიზნეს ინტერესებთან ბრძოლაში დამარცხდა. ჩავთვალოთ, რომ მან ეს გუშინ გაიგო, მას შემდეგ რაც ის თანამდებობაზე არ არის. ის, რომ თანამდებობაზე ყოფნისას არ საუბრობდა, მაინც არ არის მთავარი შეცდომა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიძლება ახლა რომელიღაც ონკოპაციენტი ამ წამალს ყიდულობს. ამიტომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა რებუსებით საუბარი. ამ წუთას ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რადგან ამხელა ეჭვი გააჩინა, არაფერი კონკრეტული არ თქვა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება.
სინამდვილეში აზარაშვილს ისიც არ უთქვამს, ამ მედიკამენტების პრობლემა რა არის, რატომ არ არის ეს მედიკამენტები რეგისტრირებული, უბრალო ბიუროკრატიული პრობლემების გამო თუ მართლა საფრთხის შემცველი მედიკამენტებია და ბოლომდე გამოკვლეული არ არის. დღეს მისმა საუბარმა მდგომარეობა დაამძიმა და არა შეამსუბუქა.
ამ მომენტში, ჩემთვის, პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მისია და არა პირების, რომლებსაც, სავარაუდოდ, არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვთ ან ყიდიან. გუშინწინ ასე არ იყო. ახლა ყველა ონკოპაციენტი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიმე მედიკამენტი მიიღო, ზის და ფიქრობს, რომ იქნებ თავად არის სიტუაციის მსხვერპლი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისათვის, ზურაბ აზარაშვილის წერილი „საზმაუს გვერდზე" გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს გვავიწყდება, ვინ ვართ. გულწრფელი მადლობა, მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან – ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესია მისი მხრიდან ჩემი საქმიანობის გულწრფელი შეფასება. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების ორ წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.
იმ დროისთვის ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.
სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში ყოველი დღე იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. DRG-ს დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ, 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.
ასეთივე ხმაურის ფონზე დავნერგეთ წამლებზე რეფერენტული ფასები, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება.
რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა, 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება.
ზუსტად ამ შესაძლებლობით გამოავლინა სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურდა და 53 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი, 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია.
პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ. სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.
ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც, საშუალოდ, 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი, ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350 მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20 მლნ ლარი იყო.
დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა.
მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს წამლის ხარისხის კონტროლის კუთხით. წინა წელს გავხსენით 20 წლის წინ ქვეყანაში, სამწუხაროდ, გაუქმებული წამლის ლაბორატორია. ასევე, გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში წამლისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტზე, სადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ხარისხის კუთხით და კანონმდებლობის დონეზე უკვე შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.
ქვეყანაში პირველად შემოვიტანეთ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში 21 000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი.
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკებისთვის დაინერგა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება, რაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
დიაბეტიანი ბავშვები უკვე სრულად არიან უზრუნველყოფილნი 14 დასახელების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით და პროგრამის ხელმისაწვდომობით უკვე მთელს ქვეყანაში.
ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ წარმოებდა წამლის და სამედიცინო მოწყობილებების კვლევა ადამიანებზე, რაც შესაბამისი ჩარჩო რეგულაციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწესრიგდა. კვლევის ნებართვაზე გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია იღებს. ასევე, მკვლევარ კომპანიას აქვს შედეგებზე პერიოდული რეპორტინგის და პაციენტის უპირობო სადაზღვევო გარანტიის ვალდებულება.
დავაპრიორიტეტეთ და დღეს უკვე სრულად არის დაფარული დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით დამატებით 15 ქალაქში, ჯამში, 49 ლოკაციაზე.
მასშტაბური პროტესტი იყო სუროგაციის შეზღუდვის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი.
მომზადდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინოს სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რეგულაცია. ეს კანონი მოაგვარებს უხარისხო სამედიცინო მოწყობილებებისა და მასალების ბრუნვას ქვეყანაში.
რუხში, 2018 წელს აშენებულ და მიტოვებულ კლინიკაში გავმართეთ მრავალპროფილური სერვისები და კლინიკა დღეს უკვე ათასობით ქართველ თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას წარმატებით ემსახურება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზირებული მოდული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანომობილის სერვისი, რომელიც, ხელმისაწვდომობის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხების არგადახდას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის.
დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში.
ასევე, უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც, სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადების და ტრენინგის შესაძლებლობა.
პრემიერის უშუალო ძალისხმევით დავიწყეთ დევნილების განსახლების უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და უკვე წელს დაიწყება ასეულობით ბინის განაწილება, ჯამში კი, 2025 წლისთვის 40000 დევნილს ექნება საცხოვრებელი.
კიდევ არაერთი რეფორმა, სტანდარტი (ქირურგია, ბარიატრია, სტომატოლოგია, ნარკოცენტრები, ონკოლოგია, სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ.) თუ ინიციატივა გავატარეთ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი და ყველა დაინტერესებულს შეუძლია ამის მარტივად ნახვა.
მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად, შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა.
რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და, მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია, შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს, თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე.
ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს – 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც, დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.
ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა, მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.
წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად“, – წერს აზარაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა.