პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან გამომდინარე იმყოფება ევროკავშირის დედაქალაქებში და ამ დროს მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ეროვნული მომავლის საბოტაჟი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„არ მეგულება 100 დეპუტატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში, ანტიდასავლურ კამპანიაში მიეხმარება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ევროკავშირის დედაქალაქებში წასვლაზე იმ დროს, როდესაც ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. ამასთან, მისი ქმედებები და ნარატივი ყოველთვის ამ კურსის მხარდამჭერია. ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის დარღვევაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც ისინი აინიცირებენ რუსულ კანონს, შემდეგ არ ასრულებენ რეკომენდაციებს და არ უშვებენ პრეზიდენტს ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამ მოცემულობაში ეს განცხადებები არის მანიპულაცია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო ულტიმატუმთან დაკავშირებით, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი შანტაჟს არ დაექვემდებარება.
„არ გამოვრიცხავ არაფერს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი შანტაჟის დაქვემდებარებაში ექცეოდეს, იქნებოდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“. ამიტომ თუ ეს ვაჭრობა და ამ ტიპის შანტაჟი შედგება, მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამ ტიპის შანტაჟს დაექვემდებაროს“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.