თუ ვინმეს ეგონა, და ალბათ ჩვენს მეგობრებად წოდებულ არაერთ ადამიანს გულწრფელად ასე ეგონა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება გამოიწვევდა დეპოლარიზაციას, ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. ნიკა გვარამია ყოველთვის იყო და ახლა უფრო მეტად არის და მომავალშიც იქნება მთავარი პოლარიზატორი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ეს იქნება ნიკა გვარამია, შემოგდებული პოლიტიკურ სცენაზე. მისი წარსულიდან გამომდინარე, დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტი მას ვერ ექნება, თუ საერთოდ ჩავთვლით, რომ ის პოლიტიკოსია, მაგრამ თავის მთავარ ფუნქციას, რისთვისაც იყო ციხიდან გამოყვანილი, ნამდვილად შეასრულებს - ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაპირისპირებულ აზრებს შორის განსხვავებები კიდევ უფრო გააღრმაოს, რომ კიდევ უფრო დესტრუქციული იყოს პოლიტიკური ოპოზიციის უმრავლესობა, რომ საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს და სამშობლოს ინტერესების კიდევ უფრო მეტი საბოტაჟი იყოს და ალბათ ამ გეგმის ნაწილია ისიც, რომ ის რამდენიმე უცხოელმა პოლიტიკოსმა მიიწვია სტრასბურგში. ამიტომ უნდა ველოდოთ უფრო მეტ დესტრუქციას, ვიდრე რაიმე ტიპის ნორმალიზებას. ჩვენ უკვე ბევრი წელია, ამ არანორმალურთან მიახლოებულ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ვახერხებთ, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა, არაერთი მიმართულებით მივაღწიოთ განვითარებას, კვლავ ვიაროთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე, ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერების გზაზე. ასეთი ყოფილა ამ მთავრობის ბედი და ჩვენ მას შეგუებულები ვართ“, - აცხადებს წულუკიანი.