ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, შეიწყალოს სააკაშვილი, ამით ის საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„სააკაშვილი არის საცოდაობა, რადგან მან, როგორც იმედმა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერა და დაასრულა ციხეში სისტემური დანაშაულების ჩადენის გამო, რისთვისაც სრულიად კანონიერი სასჯელი აქვს მისჯილი. ასეთი ადამიანი ვის ნამუსზე შეგდებას გადაწყვეტს, ოღონდ თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელაღსრულებისგან, პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, ბოლომდე მოიხადოს კანონიერი სასჯელი, რომელიც სამართლიანად აქვს მისჯილი და მსუბუქიც კი არის იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე აქვს დაშავებული. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ალბათ არ ვიქნები ერთადერთი და საქართველოში უმცირესობაში, თუ ვიტყვი, რომ მისდამი ძალიან დაბალი ხარისხის ნდობა მაქვს, მაგრამ ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის საკითხი დაუდგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი, თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, სააკაშვილი შეიწყალოს, ამით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს.
დიდი იმედი მაქვს, ქალბატონ სალომეს კიდევ შერჩა ის რაღაც, რასაც ქართული ჰქვია, ქართული სინდის-ნამუსი ჰქვია და მისი მხრიდან ეს არ გაკეთდება. თავის ქმედებებში როგორც აქამდე იყო თავისუფალი და არღვევდა კონსტიტუციას, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც არის თავისუფალი, მაგრამ ჩვენი ვალია, მას ვუთხრათ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ამორალური ნაბიჯი, თუნდაც იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნიეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. მათ (ხელისუფლებას) ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით“.