ფილმი, „იარე, ლიზა“ როგორც ირკვევა, ორიენტირებულია თურმე იმაზე, რომ რეჟისორმა წარმოიდგინა, რომ ის არის ის, ვისაც შეუძლია, რომ ხიდები ააგოს ერთი ფილმით. ეს ალბათ, ცოტა ზედმეტი წარმოდგენაა საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფილმი გახარიას ჩართულობით და მან ეს დაადასტურა კიდეც, ჩაწყობით დაიფინანსა ნანა ჯანელიძემ.
„შინაარსობრივად, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეები და მსხვერპლები ამბობენ, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და მიუღებელი. ამაზე უფრო დიდი ვერდიქტი ჩემი აზრი ვერ იქნება ამ ფილმზე. ეს ფილმი გახარიას ჩართულობით და მან ეს დაადასტურა კიდეც, ჩაწყობით დაიფინანსა ქალბატონმა ნანამ, მაშინ, როდესაც იმავე კონკურსში მონაწილეობდა უდიდესი რეჟისორის ფილმი, მერაბ კოკოჩაშვილი და მან მისთვის ჩვეული მოკრძალებით ის თანხა მიიღო, რაც კინოცენტრმა მისცა. ქალბატონი ნანა ამით არ დაკმაყოფილდა, ჩაიცვა რკინის ქალამნები, მიბრძანდა პრემიერთან და ჩააწყო და მას დაუმატეს მილიონზე მეტი ლარი და ასე დაასრულა ეს ფილმი. ეს არის ის, რასაც მე ვებრძვი, არ შეიძლება, რომ კინოცენტრში ჩაწყობებით ხდებოდეს ფილმების დაფინანსება და ჩაწყობის შედეგი იყოს მით უარესი უსამართლობა.
ამ ფილმზე საუბარი დაიწყო „ვივამედის“ ბინადარმა და თქვა, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული ფილმი და შეეცადა, რომ ჩემზე, როგორც მინისტრზე შეეხოცა ხელები. ეს ხელები დარჩა სადაც აქვს იქ. ვერ შეგვახოცავს ვერაფერს, მითუმეტეს სააკაშვილი. მან ააგდო ბურთი, შემდეგ ბურთს უნდა ერბინა და ქართულ ოცნებას შესხმოდა ტალახი, მაგრამ ვერ შეესხმება „ქართულ ოცნებას“ ტალახი. თუკი რამე ტალახი არსებობს ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ჰყავთ ბატონი გახარია პარტნიორად და იმას მოჰკითხონ, როგორ აწყობდა ფილმების გადაღებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.