ამერიკა საქართველოში ებრძვის არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც ჩინეთს, ჩინეთის ეკონომიკურ გზას, რომელიც საქართველოზე გადის და მომავალში კიდევ უფრო სერიოზულად უნდა გაიაროს. ჩინეთის ამბიციები საქართველოზე არის ერთადერთი - იყოს საქართველო ეკონომიკური დერეფანი ყაზახეთი - აზერბაიჯანი - საქართველოს ეკონომიკურ გზაზე. საიდანაც საქართველო ხდება ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანა. დღემდე საქართველო ასეთი ძლიერი არ ყოფილა - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის მიზანია საქართველოსთვის არა რუსეთის, არამედ ჩინეთის ჩამოშორება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურად დასუსტებასა და მისი ხელში ჩაგდების გამარტივებას. თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ დასავლეთს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - საქართველოზე მონოპოლიის მოპოვება.
„ეკონომიკური სიძლიერე თავისთავად განაპირობებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ეკონომიკა - ეს არის პოლიტიკა ციფრებში, ხომ?! აქედან გამომდინარე, დასავლეთის შიში იმაზე, რომ საქართველოში ღიად შემოვიდეს ჩინური სატრანზიტო ხაზი, რომელიც უნდა გამოვიდეს ყაზახეთი - აზერბაიჯანი - საქართველოზე, ან პირდაპირ საქართველოზე, მომავალში აუცილებლად მოიტანს ეკონომიკურ სიძლიერეს, ეს გარდაუვალია.
თუკი საქართველო ეკონომიკურად იქნება ძლიერი, ის აუცილებლად მოითხოვს რეალურ სუვერენიტეტს. ჩვენ რომ დღეს არა ვართ თავისუფლები, მე მგონი, ამას უკვე ბრმაც ხვდება უკვე, არა მხოლოდ თვალახელილი. რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს ყალბი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ადრე რუსეთის ტყვეები ვიყავით, ახლა - დასავლეთის და აღარ ვიცი, ვისი ტყვეები უნდა ვიყოთ მომავალში.
აქედან გამომდინარე, თუკი ომი დაიწყებოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ, არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიით იყო მომგებიანი დასავლეთისა თუ უკრაინისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იყო მომგებიანი დასავლეთისთვის, რომ საქართველოზე ერთპიროვნული მმართველობა მოეპოვებინა და საბოლოოდ განედევნა აღმოსავლეთის ეს უძლიერესი ეკონომიკური ნაკადი.
საქართველოში ომის დაწყება ნიშნავდა ყველა ინვესტორის გასვლას, ქვეყნის დანგრევას და თუ წარმოვიდგენთ იმ მასშტაბებს, რა შეიძლება, მოხდეს ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოში, ეს იქნება ქვეყნის დანგრევა. მე დავწერე კიდეც: ვინც ანგრევს, ის აშენებს და ქონებაც მშენებელს რჩება - ბუნებრივია, საქართველო სრულად იქნებოდა დასავლეთის საკუთრება, რის გამოც აღმოსავლეთს, თუნდაც ჩინეთს, უბრალოდ აღარც მოუნდებოდა ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან, ეს მხოლოდ ამერიკასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. ეს არის რეალური მიზეზი იმ მოწოდებებისა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.
საზოგადოების დიდი ნაწილი სვამს კითხვას, თუ რაში აწყობს ამერიკას ომის დაწყება საქართველოში. თავად ამერიკელები და ევროპელები ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და ყველაფერი „ქართული ოცნების“ მოფიქრებულია, რათა ხალხი განაწყონ მათ წინააღმდეგ - არა! ეს რეალობაა, მათ აწყობთ საქართველოში ომი, არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიით, არამედ უფრო მეტად იმით, რომ საქართველოში ეკონომიკა განადგურდეს. საბედნიეროდ, გვაქვს შანსი, საქართველო გახდეს გეოპოლიტიკური ჰაბი და მივიღოთ ის ეკონომიკური წინსვლა, რასაც ჩვენ ველით ახალი ამომავალი ლიდერი სახელმწიფოებისგან. თუკი საქართველო ამ შანსს დაკარგავს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი დასავლეთის დანაშაული, მხოლოდ მათ კისერზე იქნება ეს ცოდვა.
ჩვენდა უნებურად მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესები ისე ლაგდება, რომ საქართველოს, როგორც არასდროს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ეძლევა არაჩვეულებრივი შანსი, ნამდვილად თვითმყოფადი, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს და შეძლოს საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება ოთხივე ვექტორით, არა მხოლოდ დასავლეთით ან ჩრდილოეთით. დიახ, მტერთან უნდა ილაპარაკო, მოყვარესთან არ გჭირდება დალაგება. მტერს უნდა ელაპარაკო, რომ როგორმე შენს სასარგებლოდ წამოიყვანო ან რამე გააკეთებინო. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკურ ჯვარედინზე, ანუ ჩვენ ვართ პოლიტიკური ჰაბი მთელს მსოფლიოში. ამერიკის მიზანი არ იყო მხოლოდ რუსეთის დასუსტება, პირველსავე დღეებში დავწერეთ და დღეს უკვე აშკარაა, რომ მისი და, ასევე, ევროკავშირის მიზანია ევროპის დასუსტება, რადგან ევროპის 70% რუსეთის ზურგი იყო.
ამერიკამ რუსეთს წაართვა ევროპა, მაგრამ ევროპა ვერ გაუძლებს ამ რყევებს და აუცილებლად დაიშლება, როგორც ამას თავად უცხოელი პოლიტოლოგები წინასწარმეტყველებენ.
როდესაც 2019 წელს ბრიტანეთში ვიყავი, ბრექსიტის ამბები წყდებოდა ინგლისში, ბორის ჯონსონის დროს და პირდაპირ ეთერში ვუსმენდი მის შეხვედრას სტუდენტებთან, რომლებიც ბრექსიტის პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ. მათ არ უნდოდათ ევროკავშირიდან ინგლისის გასვლა. მაშინ თქვა ბორის ჯონსონმა ასეთი სიტყვები: ევროკავშირმა თავისი რესურსი ამოწურა, ახლა ახალი კავშირების დროაო. ეს სიტყვები მენიშნა, მივხვდი, რომ სულ სხვა რაღაც იყო ჩაფიქრებული, საითკენაც დღეს მსოფლიო მიდის. ანუ, მან თქვა, რომ დროა ახალი კავშირების - ბრიტანეთს, ალბათ, აქვს ჩაფიქრებული ევროპის რომელიღაც ნაწილთან ახალი ალიანსის შეკვრა, აღმოსავლეთ ევროპა, ალბათ, სხვასთან შეკრავს ალიანს და ასე შემდეგ. ჯონსონის ამ სიტყვების შემდეგ ბრიტანელი პოლიტოლოგები წერდნენ, რომ ერთ ალიანსში იქნებოდნენ ბრიტანეთი, კანადა და დასავლეთ ევროპა. ანუ ბრიტანეთისთვის აღმოსავლეთ ევროპა, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები, სერიოზული ტვირთი იყო. ჩვენი, პოლიტოლოგების ვარაუდით, დასუსტებული ევროკავშირის შემდეგ პოლიტიკური წონასწორობის სიმძიმე, პოლიტიკური ეპიცენტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, კავკასიაში, კონკრეტულად კი საქართველოში გადმოდის. ამიტომ არის ასეთი ამბები საქართველოში დღეს და მომავალში ჩვენზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.