დედაენაში, ადრე - რამდენიმე თვის წინ, რაღაც შეხვედრის მონაკვეთს დავესწარი. შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის მთავრობების შეცდომებზე უნდა ესაუბრათ, შესაბამისად, კოტე გაბაშვილს, გიგას და თინა ხიდაშელს.
იქ თინამ ერთი ნიშანდობლივი რაღაც თქვა - გიგასა და ჩემს შორის განსხვავება ისაა, რომ გიგა თავის გუნდში იყო და მე სხვის გუნდში ვიყავიო. (პერიფრაზია, მაგრამ მგონი შინაარსი არ დამიმახინჯებია, და თუ ასეა - მაშინ ჩათვალეთ, მე ვამბობ, იმიტომ რომ სწორია). - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მართალია, რომ წინა ხელისუფლებას, ივანიშვილისგან ის განასხვავებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ლიბერალები თავის გუნდში იყვნენ, სხვის გუნდში არ ყოფილან - მათ ჰქონდათ რეალური გავლენა. პირველ ვადაში ეს გავლენა დიდი იყო, მეორე ვადაში ნაკლები, მაგრამსაკმარისი, რომ ქვეყანა პროდასავლური რელსებიდან არ ასრიალებულიყო. ამიტომაა, რომ გიგა თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევს იმას, რაც 2004-2012 წლებში ამ ქვეყანაში ხდებოდა, კარგიც, ცუდიც, და ძალიან ცუდიც, მიუხედავად იმისა, პირადად მას რა პოზიცია ეჭირა, იმიტომ რომთუ რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც მას სწორად მიაჩნდა, მაგასაც თავის პასუხისმგებლობად თვლიდა.
მე ვფიქრობ, სწორედ პასუხისმგებლობამ აიძულა და განაპირობა ის, რომ გიგა პირველ დემოკრატიულ ტრანზიციამდე იმ ხელისუფლებაში დარჩა და ამ ცივილიზებული ფურცლის ისტორიაში ჩაწერაში თავის წვლილი შეიტანა - ისტორიულ მოვლენად თვლის ის ამას ქართული დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა რომ მისთვის სრულიად მიუღებელმა ძალამ ჩაიგდო ძალაუფლება. ამიტომაა რომ თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ბერძენიშვილები, ალასანია, ჩუგოშვილი, ხულორდავა და სხვები, ამ ხელისუფლების შეცდომებზე მესამე პირში საუბრობენ და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ისინი სხვის გუნდში იყვნენ დეკორაციებად და ისე გამოუშვეს, ან აიძულეს წამოსულიყვნენ, გუნდში არანაირ გავლენა არ ჰქონიათ. ვფიქრობ, გონიერი ადამიანებისთვის ეს ორი მაგალითი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ არ ემსახურება არანაირ სიკეთეს სხვის გუნდში დეკორაციად ყოფნა, თუ პროცესზე გავლენა არ გაქვს, პასუხისმგებლობის აღება არ შეგიძლია და ხელისუფლების უსაქციელობაზე პასუხს რომ მოგთხოვენ, ხელს სხვისკენ იშვერ. ამიტომ მიგვაჩნია მიუღებლად ისეთ პროცესში ჩართვა, სადაც რეალური გავლენა არ გაგაჩნია და პასუხისმგებლობას ვერ აიღებ შედეგებზე." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.