აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„[რიჟვაძე] იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვერ გიპასუხებთ, სამართალდამცავებს უნდა მიმართოთ. ახლა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მივიდა. საავადმყოფოში ასევე იყო ჯანდაცვის მინისტრი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.

არსებული ინფორმაციით, კახეთში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსთან, ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ალექსი ახვლედიანს.მას ცოტა ხნის წინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.