გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ბუნებრივია, ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. საავადმყოფოში ასევე იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.

არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.