„კანონი, რომლის მიღებაზეც ვსაუბრობთ, სულ ერთი მუხლია და რვა პუნქტისგან შედგება, ეს არის კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ - არაფერი მეტი. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
მისი თქმით, ამ ცვლილებების მიღება საჭირო გახდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.
„დღეს ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, რომ რეალურად გახდა ეს კანონი საჭირო. მაგალითად, რაც ხდება პოლონეთში, რაც ხდება უნგრეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან. ეს არის სწორედ ოჯახის, ბავშვის უფლებების დაცვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ყურადღება გაამახვილა ერთსქესიანთა ოჯახებში მყოფ ბავშვთა ფსიქოლოგიურ საკითხებზე და აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების თანახმად, ასეთ ბავშვებში ფსიქიკური და ემოციური პრობლემები ორჯერ და სამჯერ მეტია.
მისივე განცხადებით, ეს საკითხი უფრო და უფრო პრობლემური გახდება, რადგან, როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ამაზე საკანონმდებლო დონეზე იწყება საუბარი, ამას მოჰყვება პირველ რიგში უზარმაზარი რაოდენობით ფული და ხელისუფლებებზე ზეწოლა იწყება, რომ თამაშის წესებს დაემორჩილონ.
„ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით. არ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო. არავის წინააღმდეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ჩვენს უფლებას ვიყოთ ისეთები, როგორიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით. როგორსაც ჩვენი და ნებისმიერი სხვა სარწმუნოება ასწავლის. ეს არის არა რომელიმე სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს არის ურწმუნოებისა და აღვირახსნილობის ბრძოლა. თუმცა, ყველა ქვეყანაში არის ძალა, არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით რა საშინელი საშიშროების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა.
ამისთვის ჩვენც ჩვენი ერთი აგური უნდა დავდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის და ერის დაცვაში, ისე კაცობრიობის დაცვაში“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ.