„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

„კონსენსუსზე იყო მოწოდება, თუმცა ძალიან ძნელია კონსენსუსი იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებენ და, პარალელურად, ევროპის ქვეყნებში კაბინეტებში დარბიან, საქართველო არ მიიღოთ ევროკავშირში და არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსიო, შემდეგ კი ამაში თავად ამხელენ ერთმანეთს.

თუმცა, დღეს ამ დარბაზში მაინც შედგა ერთი კონსენსუსი, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად ერთნაირი კანონმდებლობა ჰქონდეს ყველა ქვეყანას და შეგვიძლია კანონში ავსახოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ერთადერთი ინტერესი გვაქვს - ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და ამისთვის შევქმნათ შესაბამისი კანონმდებლობა, რაც, ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, საფრანგეთში შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს არჩევნებს და მათ ლეგიტიმურობაზე არავის შეუტანია ეჭვი; პოლონეთში, ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ სოციალისტური რეჟიმის მოშლის შემდგომ პერიოდში არჩევნების ორგანიზებას სასამართლო ახდენდა და არც იქ შეუტანია ვინმეს ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაში. 


აქ ოპოზიციონერები თქვეს, თითქოს ჩვენთან ჩატარებული ბოლო არჩევნები შეფასდა, თითქოს ლეგიტიმურობის ზღვარზე იყო ჩატარებული. არადა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში არჩევნების გაყალბების არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ეს არ არის ქვეყანა, სადაც რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ადამიანებს ირჩევენ სენატში. წარმომიდგენია, ჩვენთან ასეთი რამ რომ მოხდეს, დღეს აქ კი არ ვიჯდებოდით, ვერც კი წარმომიდგენია, საერთოდ რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არ არის ქვეყანა, სადაც საფოსტო კონვერტებით გაგზავნილი ბიულეტენები წყვეტს არჩევნების ბედს. კარგად გვახსოვს დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო 2023 წელს აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რომ მსგავსი დასკვნა დაწერილიყო, გარწმუნებთ, ჩვენი არჩევნების ლეგიტიმაციას არავინ აღიარებდა. 

ამიტომ დავიცვათ ჩვენი ინტერესი, და ინტერესი არის ორად-ორი. პირველი - არჩევნები იყოს სამართლიანი და დარწმუნებული ვართ ყველანი (მათ შორის, ის ოპოზიციაც, რომელიც ამ დარბაზშია), რომ არჩევნები არ ყალბდება. და მეორე, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და არ მოვახვევინოთ თავს ისეთი კანონები, რომლებიც რომელიღაცა აქაური პოლიტიკური პარტიის ახირებაა და მერე მათი გადამღერებაა ევროპულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.