„ხალხის ძალის“ ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებული ორი კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ამ საკითხის ირგვლივ არსებულ კითხვებს მოხსნის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ, საერთოდ მოიხსნება კითხვები „ხალხის ძალის“ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ვენეციის კომისიას; როდესაც ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნ კანონპროექტზეც კი გვეუბნებიან, რომ ის არა ამერიკული, არამედ რუსულია, მართლა არ მესმის, რა დგას ამის უკან და რატომ იქცევიან ასე ჩვენი პარტნიორები? მეორე - თუკი ეს კარგია ამერიკული, ბრიტანული, კანადური, ავსტრალიური დემოკრატიისთვის, რატომ შეიძლება, ის იყოს ცუდი ქართული დემოკრატიისთვის? მესამე - 2016 წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევაში („უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“) თუ გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებელია ამ კანონის მიღება, რათა ვიცოდეთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ - არა, რა შეიცვალა 2016-დან 2023 წლამდე ისეთი, რომ დღეს ამ კანონის მიღება აღარ გვინდა? ფაქტია, რომ მაშინ, სწორედ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტით, ევროკავშირის მხარდაჭერა ჰქონდა ამ პროექტს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების უმთავრესი მიზანია, რომ საქართველოს გამართული კანონმდებლობა ჰქონდეს.
„ეს კანონმდებლობა დაიცავს გამჭვირვალობის პრინციპსაც და, თუ რამე საფრთხეები მოდის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, თუ ნებისმიერი მიმართულებიდან, ამ საფრთხეების აღმოჩენაც ადვილად შეგვეძლოს. ამერიკული კანონის სახელწოდებაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტის სათაურის შემთხვევაში, სიტყვა „აგენტი“ ნახსენები არ არის. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტის სახელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ფინანსების გამჭვირვალობას ეხება, სხვას არაფერს.
თუკი სახელწოდება მიუღებელია და მხოლოდ ესაა პრობლემა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და შემოგვთავაზონ ვარიანტები. სხვა მხრივ, შინაარსობრივად, რა პრობლემა აქვთ, ვერ გვეუბნებიან.
ფინანსური გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება სხვადასხვა რამ არის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვინ რატომაა, მართლა ვერ ვხვდები. 2016 წელს მომზადებულ კვლევაში („უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“) პირდაპირ წერია, რომ თუ არ ჩავთვლით USAID-ისა და უშუალოდ ევროკავშირის ფონდებს, დანარჩენი დასავლური ფონდების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება არის ძნელი, ხოლო რუსული ფონდების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება - შეუძლებელი. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს ვალდებულება რომ გაუჩნდეთ, ვფიქრობ, კარგი იქნება.
ეს დოკუმენტი ინფორმაციის წყაროებსაც არანაირად არ ეხება, ის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობაზეა. ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირებით, კანონი იცავს როგორც ჟურნალისტს, დეპუტატს, სახალხო დამცველს, სასულიერო პირს... ისინი კანონით დაცულნი არიან და მათ ვერავინ მოსთხოვს ინფორმაციის გამჟღავნებას, მაგრამ ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იგივე, პარლამენტის წევრები, ვალდებულნი არიან, რომ მთელი ინფორმაცია გაასაჯაროონ. გაცილებით მაღალია ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებსა და თანამდებობის პირებზე, ვიდრე ამ შემთხვევაშია [კანონპროექტით] მოთხოვნილი. ვიმეორებ - ეს არის მინიმალური მოთხოვნა. დოკუმენტები, რომლებიც მარეგისტრირებელ ორგანოში, იუსტიციის სამინისტროში უნდა იყოს წარდგენილი, გაცილებით მცირე რაოდენობისაა, ვიდრე - აშშ-ის შემთხვევაში. პერსონალურ მონაცემებს რაც შეეხება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ ნაწილთანაა დაკავშირებული და სხვა არანაირი პერსონალური მონაცემი არ იგულისხმება. მესამე - თუკი რაიმე დეტალზე უნდა ვიმსჯელოთ, იარლიყი კი არ უნდა მივაწებოთ ამერიკულ კანონს, რომ ის რუსულია, არამედ უნდა ვიმსჯელოთ დეტალებზე. სწორედ ამისთვის არსებობს კანონის პირველი, მეორე და მესამე მოსმენები“, - აცხადებს სოზარ სუბარი.