საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის მაჟილისის (ქვედა პალატის) თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა.
აღინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, როგორც საქართველოსა და ყახაზეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კარგი შესაძლებლობა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ქართველ და ყაზახ ერებს შორის.
შალვა პაპუაშვილმა ყაზახურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, მწუხარება გამოთქვა ყაზახეთში მიმდინარე სტიქიის გამო და გამოხატა თანადგომა სტიქიასთან გამკლავების საქმეში.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებების ფართო სპექტრზე. განიხილეს თანამშრომლობა პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად.
ყაზახეთის მხარემ გამოხატა სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა.
ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის, ასევე, პარლამენტებუმის დღის წესრიგში არსებული ძირითადი საკითხების თაობაზე.
შალვა პაპუაშვილმა ყაზახი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.