ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თავისთავადი ღირებულებაა და არა ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუნდაც ამ მიზანს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სუვერენიტეტი დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის არა დამოუკიდებლობის, არამედ პირიქით, დაქვემდებარების იარაღი გახდა.

ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა გვჭირდება საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის გასამყარებლად და არა პირიქით. ჩვენ ვეძებთ ისეთ ურთიერთობას ევროკავშირთან თუ სხვებთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და არა უპირობო მორჩილებაზე.

სუვერენიტეტი დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის არა დამოუკიდებლობის, არამედ პირიქით, დაქვემდებარების იარაღი გახდა. ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ლიდერისგანაც კი შეიძლება მოვისმინოთ, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება უჭირს და გამოსავალი სხვა ქვეყანასთან მიერთებაა. სწორედ ამ პათოსს არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციაც, რომლის განცხადებებშიც გვესმის, თითქოს ერი-სახელმწიფოს იდეა მალე გაქრება. ეს არის რასაც ცდილობენ შეგვაგუონ ისინი, ვინც საქართველოში სხვის დროშებს აფრიალებენ, სხვათა ჰიმნებს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთრად მიიჩნევენ. ამიტომ დასცინიან სუვერენიტეტს, იდეას, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა; ამიტომ აიგივებენ დამოუკიდებლობას იზოლაციონიზმთან, ხოლო ეროვნული ინტერესების პრიმატს – ეგოიზმთან. ამიტომ ზომავენ და წონიან ადამიანებს არა მათი ქვეყნისთვის სამსახურით, არამედ იარლიყებით: პრო და ანტიევროპელი, პრო და ანტირუსი, პრო და ანტიჩინელი, პრო და ანტიირანელი. ეს არის სწორედ ის იარლიყების პოლიტიკა, რომლითაც უნდათ გაგვაჩუმონ, დაგვაშინონ და დაგვიმორჩილონ. თუმცა, მათ სამყარომაც კი ზურგი აქცია და საბოლოოდ გადატეხა ყალბი კოსმოპოლიტიზმის იარლიყები. მსოფლიო გამოფხიზლდა. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს მარტივ ჭეშმარიტებას: საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა სხვებს შორის არჩევანს, არამედ საკუთარ ეროვნულ ინტერესს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია, ამიტომაც მათ მიერ მიღებული კანონები თ საკანონმდებლო პაკეტები, როგორც არის მაგალითად მე-3 მოსმენით მიღებული უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი ამ იდეის დაცვას ემსახურება.

„ამიტომ თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვეგვეყუდნეს“, თითოეული ჩვენი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა გავზომოთ მხოლოდ ერთი საზომით – ეროვნული ინტერესით. ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია. ეს ყველას გვესმის. თუმცა დღეს სუვერენიტეტი აღარ არის მხოლოდ დროშა, ჰიმნი, ან გაეროს წევრობა. დღეს დამოუკიდებლობის დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს შინაარსის დაცვას – ხალხის უფლებას, თვითონ განკარგოს თავისი ბედი და არა უცხოეთმა. მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. ამ ინტერესების განუყოფელი ნაწილია ჩვენი პოლიტიკის გარედან დაცულობა – ჩაურევლობა. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა დღეს არანაკლებ ძნელია, ვიდრე ორმოცი წლის წინ. დღეს დამოუკიდებლობას ხელახლა გვართმევენ და სწორედ ამიტომ არის ამგვარი გააფთრებული წინააღმდეგობა, როცა ვცდილობთ დავიცვათ სუვერენიტეტი და დავიცვათ საქართველო. სწორედ ამიტომ, ბოლო პლენარულს სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს გარე ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკრაინის ომმა გვაჩვენა: როდესაც ქვეყანა დროულად არ იცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.