მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ, იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. მათ შორის, პირველი შედეგებიც დეკემბერში იყო, როგორც გახსოვთ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმიდან, მივიღეთ გასულ წელს, დეკემბერში, სადაც, სამწუხაროდ, ოპოზიციამ მიუხედავად იმისა, რომ დახურულ კარს მიღმა ეთანხმებოდნენ ამ ცვლილებას, შემდეგ უკვე საჯაროდ და ასევე, სხდომათა დარბაზში მხარი არ დაუჭირეს. კიდევ ერთხელ, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა და შედეგები დაიწყო დეკემბრიდან. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რაც იქ არის გაწერილი. მათ შორის, იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიასთანაც იყო კომუნიკაცია და ასე იქნა დამტკიცებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს შეხვედრა შედგება სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობდა, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იუქნება ჩართული.
„ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლანეტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.