სალომე ზურაბიშვილს როდესაც ეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე უნდა მიეტანა შეტევა, ამას აკეთებდა, როგორც კი უთხრეს, რომ უნდა იყოს შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზუსტად ასე გააკეთა. ამ პროცესში არაფერია ქართული, ეს არის სრულად უცხოური გავლენის რეალიზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე რა აერთიანებს ოპოზიციას, რომელიც წარსულში ერთმანეთს ლანძღავდა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „რასაც ეტყვიან გარედან, ზუსტად იმას აკეთებენ“.
„ზოგიერთზე ახია მართლა, მათზე, რომლებიც ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებული და ახლა ერთმანეთს აქებენ, იმიტომ, რომ არც ლანძღვა იყო მათი ნება და არც ქება არის მათი ნება. რასაც ეტყვიან გარედან, ზუსტად იმას აკეთებენ. როცა ეუბნებოდნენ, თავს უნდა დასხმოდნენ სალომე ზურაბიშვილს, ნახეთ, როგორ სურათს ქმნიდნენ მისგან და ყველა შესაძლო ეპითეტით მოიხსენიებდნენ. როგორც კი გარედან მათმა პატრონებმა უთხრეს, ახლა უნდა აქოთ და დაათბოთ ურთიერთობა – ზუსტად ასე მოიქცნენ. და პირიქით, როცა ეუბნებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მას მიხეილ სააკაშვილზე უნდა მიეტანა შეტევა, ამას აკეთებდა, როგორც კი უთხრეს, რომ უნდა იყოს შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზუსტად ასე გააკეთა. ამ პროცესში არაფერი არ არის ქართული, ეს არის სრულად უცხოური გავლენის რეალიზება საქართველოში და კიდევ ერთხელ, ეს არის შულავერის სია, რომელიც ასე დარჩება საქართველოს ისტორიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.