სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ პლატფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით: „მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია, ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, უთუოდ გავიმარჯვებთ“.
„ქალბატონი სალომე კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას აანონსებს, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური. ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. არ ვიცი, ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ოთხი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.