უმრავლესობის წევრებს მივმართავ, ხომ ატყობთ, რომ ტაქტიკა არის ასეთი, წყობიდან გამოყვანა უმრავლესობის, რომ გაწელონ პროცესი, სადაც იქნება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ მიკროფონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„უმრავლესობის წევრებს მივმართავ, დაიკავეთ ადგილები. ოპოზიციას ვთხოვ, დაბრძანდით ადგილებზე. უმრავლესობის წევრებს მივმართავ, ხომ ატყობთ, რომ ტაქტიკა არის ასეთი, წყობიდან გამოყვანა უმრავლესობის, რომ გაწელონ პროცესი. ვატყობთ, რა ამოცანაც არის. სადაც იქნება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ მიკროფონს, რადგან ეს იწვევს დაპირისპირების ინსპირირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ლევან ხაბეიშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დიმიტრი სამხარაძემ და ლევან ხაბეიშვილმა.
მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციას შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა, რის გამოც ამ დროისთვის სხდომა ვერ გრძელდება.