როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რამე საერთო გვქონდეს, ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არის საქართველოს ბოლო დიქტატორის, მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული თანამებრძოლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უნდა შევხედოთ სახელებსა და სახეებს. საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის ამ კამპანიის ავანგარდში ჩვენ ვხედავთ ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიანეს და ახალი ამომავალი ვარსკვლავი პარლამენტის, ბრეიზა თუ ასე შემდეგ, რომელიც გახლავთ სიკორსკის პარტიის წევრი და სიკორსკის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკია, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ დააფუძნა პროპაგანდისტული არხის, „ვოტ ტაკ“ რაღაც რომ ჰქვია, „ვოტ ტაკ საქართველო“ თუ ასე შემდეგ. „ვოტ ტაკი“ დააფუძნა სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღი არის საქართველოს წინააღმდეგ, ქართველ ხალხს ებრძვის პირდაპირ, ეკლესიაზე დაიწყო თავდასხმა, საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა, პირდაპირ პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტული იარაღი. ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს. სიტყვა პროპაგანდა საერთოდ როგორ უტრიალდება ამ ადამიანს, რომ განაცხადოს, მაშინ, როდესაც თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველი ხალხის ინტერესებს. ასე რომ გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა და ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი საფუძველი, გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. ეს არის. დღეს ევროკავშირი სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები. ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, რადგან ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რამე საერთო გვქონდეს. ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ბოლო დიქტატორის, მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული თანამებრძოლი და ერთადერთი ცხოვრებისეული მიზანი აქვს აღებული, რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი მისი სამართლიანი სასჯელისგან, ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს საქართველოში. ერთხელ მყავს პირადად ნანახი, 2021 წელს და იმ მომენტშივე ვნახე, თუ რა ზიზღი აქვს ამ ადამიანს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საბჭოთა მოსკოვს ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი.

„ვიდრე ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რამენაირ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი და არაფრით აღარ განსხვავდება, ესთეტიკაც კი იგივეა. იგივე, რაც ჩვენ გვესმოდა 1989 წელს, როდესაც გაიმართა 1989 წელს სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ და რა თავდასხმებიც მაშინ იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ყრილობაზე მოსკოვში, ზუსტად იგივე ხდება დღეს ბრიუსელში, ერთი-ერთში არიან საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია. მათ შორის სახელებით, ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გორბაჩოვის თანამებრძოლი გახლავთ და დღესაც რუსული აქცენტით ლაპარაკობს ინგლისურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.