აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ კვლევით ან ჩვენ ვიწუხებთ კითხვით, რადგან ვხედავთ, ბრიუსელს არ აინტერესებს კვლევა, ანალიზი, ფაქტები, იციან, რომ რასაც რასა იუკნევიჩიენე იტყვის, ეს არის სიმართლე და მორჩა. ჩვენ ახალ ეპოქაში ვართ, როცა თეთრზე შავს იტყვიან, ატომური ბომბი მაქვს და ამიტომ თეთრზე შავს ვიტყვი და უნდა გაიმეორო, რომ თეთრი შავია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს.

„ძალის პოლიტიკას ვხედავთ, რომელსაც ბრიუსელი უფრო მეტად იყენებს, მათ შორია იმ საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რომელშიც დღეს არის. სწორედ ეს არის ევროკავშირის ესტონიზაცია, რაზეც თეთრ სახლში საუბრობდნენ. ევროკავშირის ელჩისთვის ავტორიტეტია რასა უიკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმა და ამის განხორციელებას ვხედავთ. დაივიწყეთ, არ არსებობს არაფერი და შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა რაიმე ნაბიჯი ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული გადადგას. ეს არის ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ვართ. საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი საშუალებით რუსეთი. ბრიუსელის თვალში საქართველოს მოსახლეობა დაყვანილი ვართ ინსტრუმენტად, რომელიც გამოსაყენებელია სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მათი დამოკიდებულებაა, თუ საქართველო დაზიანდება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ეს ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე კვირის წინ გვითხრა. ევროკავშირის ელჩს არ ადარდებს, საქართველოს რა მოუვა. 9 მაისს, ამხელა თანხა დახარჯეს. პავილიონში ზეიმი მოაწყვეს. არაფერი ადარდებთ ფოჩიანი კანფეტების და ფერად-ფერადი ფოტოების გარდა. ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩატაარეს თბილისის შუაგულში და ერთი სიტყვა არ თქვეს 9 მაისის გამარჯვებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ პროექტმა RESILIO-ACCESS Monitor-მა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოაქვეყნა. სხვა კანდიდატებთან შედარებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შეფასება აქვთ. კვლევა ათ კანდიდატ ქვეყანას მოიცავდა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი. ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს მაჩვენებლები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ასევე შეფასებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიანობა, რაც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. შეფასების შედეგები 2014-2024 წლების მონაცემებს ეყრდნობა.