"მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას და ვინ არის შენი გამკითხავი?! - მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს, ტაშს უკრავენ. იტყვის, რომ ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა, არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოლდოვაში მედიის თავისუფლება შეზღუდულია. ქვეყანაში განსხვავებულ აზრს პრორუსულის იარლიყს აწებებენ.

"მე არ მიკვირს, იმიტომ, რომ მოლდოვაში, ზოგადად, მედიის შეზღუდვა ფაქტი არის. რამდენიმე მედია-ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა, სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან გამართლებას პოულობენ, რომ იყო დეზინფორმაცია და პრორუსული.

მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას და ვინ არის შენი გამკითხავი?! - მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს, ტაშს უკრავენ. იტყვის, რომ ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა, არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი ინსტანცია, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს.
მიაწებებენ იარლიყს, ვისაც რა უნდათ. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს და ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის:  "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს დღეს და ხვალ მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს, თუმცა "კურიერს" აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა "იმედსა" და "PostTv-საც".