დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პარასპორტსმენები უმკლავდებიან ბარიერებს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და მათი შემართებითა და მონდომებით ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია.
„დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს ამ ძალიან პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება. ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი. ძვირფასო ათლეტებო, თითოეული თქვენგანი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, არამედ მრავალ ადამიანს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან თქვენი უნარებითა და სპორტული სიმარჯვით. თქვენ უმკლავდებით ბარიერებს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს და თქვენი მოტივაციით, შემართებითა და მონდომებით ამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი ისტორიები გვაჩვენებს, რას ნიშნავს სპორტული სული და გაუტეხელი ნებისყოფა.
გახსოვდეთ, თქვენ ინკლუზიურობისა და მედეგობის ელჩები ხართ და თქვენი მიღწევების შესახებ ხმა მნიშვნელოვნად გასცდება შეჯიბრების ადგილს. გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული წარმატებული მომენტი დიდი შრომისა და თქვენი ოჯახების, მწვრთნელებისა და საზოგადოების მხარდაჭერის დადასტურებაა. მადლობას გიხდით სპორტული ჟინისთვისა და სამაგალითო ბრძოლისუნარიანობისთვის. ამაყად და თავდაჯერებულად გაემგზავრეთ პარიზში. თქვენ მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ, გვჯერა თქვენი, ვამაყობთ თქვენით, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გამარჯვებებს. წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, მედლებით დაბრუნდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.