„კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე  უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე სამი წევრი უკვე აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა.

 „ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. ოთხი კანდიდატურა უკვე ნახევარი წელია, რაც არის ჩვენს დღის წესრიგში. არც ერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

 დარჩენილ ორ ვაკანსიაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.