მქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ გამჭვირვალე იქნება მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა და ქართველ ხალხს ეტყვიან, თანხას ვის აძლევენ, რამდენს და რისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ამის ნაცვლად, გვესმის რაღაც გაბრაზებული კომენტარები, რაც არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი.
"არ ვიცი, ემოციებში, რატომ გადასდის ზოგიერთ დიპლომატს, მაგრამ გვესმის ასეთი კომენტარები, რაც აბსოლუტურად, არ მგონია, იყოს სერიოზული აღქმა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება. ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ქართველი ხალხის სურვილია იცოდეს მეტი, რა ფული შემოდის, სად მიდის, რაში იხარჯება. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ რაღაც გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი რეაქცია. ამიტომ მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, ყველა დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი სურვილი და ინტერესი იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.