დისკუსია წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს. ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხზე აშკარა არის, მათ შორის ოპოზიციის სიჩუმე გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთი არის, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას, რადგან ჯერ ამ მხრივ აქვთ გარკვეული შიში და მორიდება დავალებების მიმცემების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილია, იქნება საყოველთაო განხილვის საგანი.
„საზოგადოება რასაც დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი. არგუმენტები მარტივია. ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე ჩანს, რომ მსოფლიოში არის ტრენდი, რაც საქართველოში ნელ-ნელა ინაცვლებს, მნიშვნელოვანია, დროულად ჩამოვყალიბდეთ, რა არის საზოგადოების პოზიცია, რა არის ის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა არსებობდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იმ დონემდეა მისული, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და განცხადებები. აბსურდამდეა მისული ლამის ეს დისკუსიები. საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენთან ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს, საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს ხალხს და უზრუნველყოს მათი ინტერესების გატარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.