ხათუნა სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ გემიდან, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მომართული. როგორც ჩანს, ხედავენ, რომ ეს გემი ნელ-ნელა იძირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის გუშინდელ განცხადებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შარშან, როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ოპოზიციის მცდელობები წარმატებული იყო.
„ხათუნა სამნიძის განცხადება არის მცდელობა, რომ იმ გემიდან გაიქცნენ, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მომართული. ხედავენ, რომ ნელ-ნელა იძირება. ხათუნა სამნიძე, მისი პარტია და მისი პოლიტიკური ჯგუფიც საერთოდ ვის ელაპარაკება? – მისი ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან, ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ, მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება. ერთი ჯგუფი ცდილობს, ამ გემიდან გაიქცეს, მეორე ნაწილი ცდილობს, იქნებ, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება.
ოპოზიციაში ორი ჯგუფია – ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს ჩაშლის და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს, ეს გემი დატოვოს. ეგონათ, გემი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მყარად მიცურავდა და ამ გემში ძალიან კომფორტულად იყვნენ. ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა, როგორი ცუდი ქვეყანა აქვს, თურმე საქართველოს სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო უნდა მისცენ. ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, გაიქცნენ, თავს უშველონ", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.