ჰერჩინსკის განცხადება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ფარისევლობა და ჩვენს თვალში ვინმე თუ ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჰერჩინსკიმ აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი უწოდა „ოცნების“ საარჩევნო ბანერებს. ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის შეფასება, თუნდაც საარჩევნო ბანერების და ის რატომღაც არ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წარმოებულ კამპანიას. მათი ბანერებიც ვნახეთ ქალაქში გაკრული, ვნახეთ პოსტერებიც, რომელსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ და ხან სხვადასხვა ადგილას აკრავენ. ამ მხრივ არის ასევე ფარისევლურიც მისი განცხადება, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოთებელი არ უწოდა „ფეკჩეკის“ თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას, რადგან „ფეკჩეკის“ ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან სამარცხვინო არ უწოდა „სირცხვილიას“ თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებთან რეკვას, მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, რადგან „სირცხვილია“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან შემზარავი არ უწოდა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, თუკი ბანერებზე ვსაუბრობთ, სადაც ის 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, რადგან „ჯემნიუსი“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამიტომ, როცა დააპირებენ სხვები, ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა იქ დირე. ეს არის სამწუხაროდ ფარისევლური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, მათ შეეძლოთ, მაგალითად, სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი, როდესაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ექიმების ჯგუფი, რომლებსაც წინდით გაჰქონდა ფარულად ნიმუში და რაღაც ცუდს ამზადებდა. ეს მაშინ ელჩს სამარცხვინოდ არ შეუფასებია. მან აღმაშფოთებელი არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი. მას შემზარავი არ უწოდებია ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის, თუ წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი პირის მხრიდან მოწოდებას, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. ანუ მოწოდებას, რომ საქართველოს გაერისკა და შესულიყო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს არის ფარისევლობა და თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.