პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პირველ ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის  წევრებთან ერთად გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო. 


სტუმრები ქართველ მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს ესტუმრნენ და  ქართული ღვინოების და კახური ტკბილეულობის გამოფენა დაათვალიერეს.

„ეს დღეები კახეთში განსაკუთრებულია და მოსავლის დაბინავებასთან ერთად  შემოდგომის ამ დღეებს არა მხოლოდ კახეთი, მთელი საქართველო  ზეიმობს. ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მევენახეობა და მეღვინეობა, ფაქტობრივად იმ მდგომარეობიდან, როდესაც კახელი გლეხი ვენახის სხვა კულტურებით ჩანაცვლებაზე იყო გადასული, შემობრუნდა უკან ვენახისკენ, ღვინისკენ და ამ მიმართულებით არნახული ზრდა გვაქვს. ჩვენ თუ მანამდე 50 ათასი ტონა მოსავალი გვქონდა, წელს უკვე 300 ათასი ტონაა ყურძნის მოსავალი და ეს ხდება იმიტომ, რომ გაშენდა ვენახები. თუ წინა წლებში ღვინის ექსპორტი დაახლოებით 65 მილიონ დოლარს შეადგენდა, გასულ წელს 260 მილიონი იყო და 2028 წლისთვის 500 მილიონი დოლარი გახდება. შესაბამისად, 10-12 წლის წინ მევენახეებთან თუ  შემოსავალი 70 მილიონი ლარი შედიოდა, წელს ეს ციფრი 300 მილიონზე მეტია. 
ეს არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფო არა მოკლევადიან გეგმებზე და მიზნებზე, არამედ თითოეულ ადამიანზე და  იმ ტრადიციულ მიმართულებებზე ფიქრობს, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელმაც ათასწლეულები გამოიარა. წინა ხელისუფლება ამის გადაკეთებას ცდილობდა, რომ კახელ გლეხს ვენახი სხვა კულტურებით ჩაენაცვლებინა. 
განსაკუთრებულია ეს შემოდგომა კახელი გლეხისთვის არა მხოლოდ ყურძნის მოსავლით, არამედ ატმის მოსავალიც რეკორდული მაჩვენებელზეა. ეს არის შედეგები და ეს არის მიზნები, რომლებიც ჩვენ მომავალი 4 წლისთვის გვაქვს დასახული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში სომელიების შოუ და მრავალფეროვანი საკონცენტრო პროგრამა გაიმართა.