საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს – კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას.
„სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა.
ძველები! რა სიდიადეა ამ ჭარმაგი კაცების ქართულ ერთობაში, ენით უთქმელი და მართლაც მისტიკური.
რა თქმა უნდა, დრო უდროოა, „ძველები“ კი პირობითი ზედსართავია, რადგან უყურებ და არავინ გეგულება მათზე უფრო დღევანდელი, უფრო ახალგაზრდა და გულზვიადი.
წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას.
მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის!
ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ.
გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!” – წერს შალვა პაპუაშვილი.