არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების, ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველი ერი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით, ჭკუით შეჰყურებს ათას „კეთილმოსურნეს“ და ელოდება თავის დროს, რადგან იცის, რომ სიმართლე უძლეველია.
„არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის, თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა – სამშობლო. არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის. ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს ღირსება, რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა, ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს. ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით და ჩვენს შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა. ჩვენი ხალხი ღირსეული, ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას „კეთილმოსურნეს“ და ელოდება თავის დროს, რადგან იცის, რომ სიმართლე უძლეველია. დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს „უდიდებულესი წამი“ და ვთქვათ – ძალა ერთობაშია. შევხვდებით დღეს რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.