დღეს შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები, ის ორგანოებია, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის. ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. ყველა კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტები არის ის ორგანოები, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან, იციან მათი წუხილი,  სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობა არის ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა მათი წარმომადგენლები აირჩიონ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე.

დღევანდელი დღით შეიკვრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ გასულ წელს ავირჩიეთ პარლამენტი, პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამით არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გზაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო მზიანი ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურში გამარჯვებაა.

„რაც შეეხება მოლოდინებს, ოპოზიციის კვლევითა კი „ქართული ოცნების“ გამარჯვება უალტერნატივოა. მათივე კვლევით, კახა კალაძეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. მგონია, თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებულია ამ მოცემულობას. ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნებში პირველი ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ. რადიკალურმა ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ გადაწყვიტეს ზურგი ექციათ დემოკრატიისთვის და  წასულიყვნენ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმისთვის, როგორც მათ გარედან დაავალეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.