უკვე არის მოთხოვნები, რომ საქართველოშიც დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„2017-2018 წლებში იქნა მიღებული ეს ცვლილებები და სულ რამდენიმე წელიწადში უკვე დგას ეს საკითხი, რაც სხვა ქვეყნებშია. როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს გამოსვლა და თქმა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია, რასაც აკეთებს არა ირონიით ან რაღაც ფრაზად მოხსენიების დროს გარკვეულ გამონათქვამად, არამედ როგორც თამამ განცხადებას. ის ამით ამბობს, რომ ამ განცხადების უკან დგას და მიუხედავად ყველანაირი დისკუსიისა, ამ პოზიციაზე მყარად არის. ეს დღეს დიდ ბრიტანეთში უკვე თამამ განცხადებად ფასდება, როგორც ჩანს და ცოტა ხანში, სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში ჩვენთანაც შემოვიდოდა და შემოვა, თუ რაღაც ზომები არ გვექნება ამგვარი პროპაგანდის წინააღმდეგ. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ დავაინიცირეთ კონსტიტუციური პროექტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ. ახლა ხმა და სიტყვა არის ხალხის მხარეს და ხალხი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში უნდა იყოს სწორედ ის, რაც უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 16 აპრილის კვირაში პარლამენტი შექმნის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ერთთვიანი პერიოდი ექნება იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებასთან ერთად განიხილოს ეს კანონპროექტი და საზოგადოების აზრი მოისმინოს.
„კომისიის მუშაობა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება, შემდეგ უკვე შედეგებს მოვახსენებთ კომიტეტს და ეს ყველაფერი პარლამენტის განხილვებით გაგრძელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, მოისმენს თუ არა საზოგადოება ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მკაფიო პოზიციას, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მხრიდან ცხადი პოზიციები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის პოზიციები განპირობებულია იქიდან, თუ რას ეტყვიან გარედან.
„რეალურად, რასაც ვაკვირდებით, ეს არის სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია. ეს არის ოპოზიცია, რომელიც თავის დღის წესრიგს განსაზღვრავს, იყურება ზურგს უკან და იყურება იქით, საიდანაც მფარველები ეგულება. ჩვენ გვყავს სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული. ამიტომაც არის, რომ ისინი ამ საკითხზე ვერ საუბრობენ. მათ იციან, რა პასუხს მიიღებენ ქართული საზოგადოებისგან, თუ პროპაგანდის მომხრეებად დაფიქსირდებიან და იციან, რა პასუხს მიიღებენ საკუთარი მფარველებისგან, თუ პროპაგანდის წინააღმდეგ წავლენ. ისინი გაჭედილი არიან გარკვეულწილად და მათი დუმილი ამით არის განპირობებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციას მიმართა, რომ ისინი კომისიაში ჩაერთონ და ქართველი ხალხის ხმა მოისმინონ.
„მე მათ მივმართე, სად აპირებენ ოქტომბერში არჩევნებზე გასვლას, ქართველი ხალხის არჩევნებს ელოდებიან თუ საკუთარი მფარველებისგან ელოდებიან მანდატს? ქართველი ხალხის არჩევანი უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, მოისმინონ, რა უნდა ქართველ ხალხს და მოიქცნენ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. მე მათ მოვუწოდე და იმედი მაქვს, ჩაერთვებიან ამ კომისიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებას იმისთვის, რათა ის დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში, ¾ სჭირდება, ხოლო ორი მოწვევის პარლამენტის პირობებში სჭირდება 2/3 და აქ სწორედ ოპოზიციის ხმებია საჭირო.
„ქართველი ხალხი ძალიან კარგად დააკვირდება და ვნახოთ, რომელ ღილაკს მიაჭერენ თითს, როდესაც კენჭისყრა იქნება. მათ რთული არჩევანი აქვთ, უნდა აირჩიონ ქართველ ხალხსა და საკუთარ უცხოელ მფარველებს შორის; ეს არჩევანი აქვთ და ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ. რა არჩევანსაც გააკეთებენ ამ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მათთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.