სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! - თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „არსებად“ მოიხსენია.
მისი თქმით, სამადაშვილის განცხადებაში შეურაცხმყოფელიც ბევრი რამ იყო, თუმცა ის, რაც ადამიანის ღირსებას ეხება, უმთავრესია.
„თქვენ თქვენს სიტყვაში ადამიანი მოიხსენიეთ არსებად. თქვენი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე გასაგებია, რომ თქვენთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, სხვები არსებებად მიგაჩნიათ. სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა. თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! აბა, იმ წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ. ეს მომენტი მინდოდა შემეხსენებინა, ვინაიდან ეს არის ღირსების შემლახველი. შეურაცხმყოფელიც ბევრი იყო, მაგრამ ადამიანის ღირსება უმთავრესია, როდესაც ადამიანს გონებაში აღიქვამთ არა ადამიანად, თავისი ადამიანური ღირსებებით, არამედ უწოდებთ ბიომასებს და ა.შ. - გვახსოვს თქვენი ჯგუფიდან ასეთი სიტყვები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან გუშინდელი განცხადების გამო ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა, მას „არსება“ უწოდა.
„250 000 ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა, მათთან, დიასპორასთან ურთიერთობები ჩაბარებული აქვს აი, ამ არსებას, მე არ ვიცი, რა უნდა ვუწოდო მას, რომელმაც გუშინ, საქართველოს პარლამენტში წარმოუდგენელი რამ იკადრა. მოვითხოვ, მან ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.