ყველაზე დიდი ტყუილი და მანიპულაციაა, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და ფინანსთა სამინისტროს რომ მოიშველიებენ, რომ გადასახადებს ვიხდითო. საფინანსო ვალდებულებებს და საგადასახადო ურთიერთობებს არანაირი კავშირი არ აქვთ გამჭვირვალობასთან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ ორგანიზაცია იხდის საშემოსავლო გადასახადს და აქვს ურთიერთობა ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან, ეს არის საიდუმლოება ამ ორგანიზაციასა და იმ დანაყოფს შორის, მათ გარდა სხვა ვერავინ ამას ვერ გაიგებს.
„არის ინფორმაცია, რომელსაც შემთხვევით ვიგებთ. მაგალითად, „დროას“ დაფინანსებაზე, რომელიც წამოსცდა ელენე ხოშტარიას და შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ პარტიებს აფინანსებს. მაინც პატარა ქვეყანა ვართ და ვიცით მეტ-ნაკლებად, სად რა ხდება ხოლმე - ასეთი წამოცდენით შემთხვევით გავიგეთ. ყველაზე დიდი ტყუილი და მანიპულაციაა, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და ფინანსთა სამინისტროს რომ მოიშველიებენ, რომ გადასახადებს ვიხდითო. საფინანსო ვალდებულებებს და საგადასახადო ურთიერთობებს არანაირი კავშირი არ აქვთ გამჭვირვალობასთან, ისევე როგორც საბანკო გადარიცხვებს და სამედიცინო მომსახურებებს არ აქვს კავშირი გამჭვირვალობასთან, მაგრამ სადღაც ეს ინფორმაცია რომ არის, ეს არის ნაწილი საფინანსო ურთიერთობის, საბანკო ურთიერთობის და ა.შ.
არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ თანამდებობის პირს, მათ შორის არც მე და არც პრემიერს არ გვაქვს წვდომა საგადასახადო საიდუმლოზე. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო ინსპექცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები იყოს გადახდილი, არ შემოვიდეს უკანონო ფული და ა.შ. ის არ უყურებს პოლიტიკურ მიზნობრიობას. ჩვენ გამჭვირვალობა გვჭირდება პოლიტიკური მიზნობრიობის გასაგებად. ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა ვიცოდეთ, ეს ფული „მოლოტოვის კოქტეილს“ ხმარდება თუ რას ხმარდება.
რა თქმა უნდა, დონორი აკონტროლებს ამას, მაგრამ საქმე ეხება ქართველ ხალხს. ეს ფული იხარჯება საქართველოში და ეს დონორი გვიმტკიცებს, რომ ამას ხარჯავს ჩვენს საკეთილდღეოდ. ჩვენ რომ ვეკითხებით, კონკრეტულად როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს - ამას აღარ გვეუბნებიან, გვიმალავენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.