აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე ოპოზიციის, პროპაგანდისტული მედიის და „ენჯეოების“ ისტერია ყველაზე კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ეს ასევე აჩვენებს, რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის დაფინანსების არხები.
„ის სპეკულაცია, ისტერია და შეთქმულების თეორები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი და რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
აღნიშნულის საპასუხოდ, სუს-ში განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობდნენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
8 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა“.