პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ანა ბუჩუკურს ურჩია, არ გამოიყენოს სიტყვა სიყალბე, ვინაიდან, მისივე თქმით, სწორედ სიყალბე და ღალატი ასოცირდება პარტიასთან „გახარია – საქართველოსთვის“.

შალვა პაპუაშვილმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სიტყვით გამოსვლისას ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დგას სიყალბეზე.

„ეჭვი მაქვს, სიტყვა „სიყალბე“ არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც – სხვას. იცით, სიყალბე რა იყო, ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყველას რომ გვარწმუნებდა, ნიკა მელიასთვის მოგვეხსნა იმუნიტეტი და როცა მოვუხსენით, რომ მიგვატოვა იქ. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე, ეს არის სიყალბე. ამიტომ ორი სიტყვაა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის „სიყალბე“ და ეს არის „ღალატი“. ორი სიტყვაა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ შეეშვით ამ  ტერმინოლოგიას, რადგან ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ ყოველ ჯერზე“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს.

„დღეს „ოცნება“ მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო.

„ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს, დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში. ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ არის, საკუთარი შვილი დატოვოს, ევროპაში ან აშშ-ში წავიდეს იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით „გლობალური ომის პარტიაზე“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე? რისი დამსრულებლები ხართ ხალხო, ნახეთ თქვენთან ნახევარზე მეტი ან „ნაცების“ მსახური იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებელი იყო. დიახ, ეს არის სრული სიყალბე. თქვენ დღეს სიყალბეზე დგახართ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.