საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰუგო მოტასთან გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და მისი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის თემას ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენდა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბრაზილიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრის დასასრულს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიელ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და აღნიშნა მათი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის  შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ზურაბ მჭედლიშვილი.