თბილისში, ათონის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაა განთავსებული, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ განაცხადა და მას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაარქვა. მიზეზად კი, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების დახმარების თხოვნა დაასახელა.
"პანიკის გარეშე, ძლიერები ვართ, ყველას დავამარცხებთ, რადგან უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას!"
რუსულმა ჯარმა უკრაინას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბელარუსიდან შეუტია. ომის პირველ დღეს მსოფლიოში გაურკვევლობა და პანიკა იყო. შიშის და აშკარა საფრთხის ფონზე, უკრაინელები ერთიანი ძალებით ცდილობდნენ მტრის შეჩერებას - მოლოტოვის კოქტეილებით, გზების ჩახერგვით და საგზაო ნიშნების დაწვით.
25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო გუნდთან ერთად კიევის ცენტრში დადგა და განაცხადა, რომ "პრეზიდენტი აქაა". ეს იყო პასუხი კრემლის პროპაგანდაზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას მოაწერა ხელი.
შემდეგ რუსულ აგრესიას მოჰყვა მსოფლიოს უპრეცედენტო სოლიდარობა და მხარდამჭერი განცხადებები - საუბარი სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე და სანქციები, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა.
ევროკავშირმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცეც დახურა. ეტაპობრივად, ცნობილმა ბრენდებმა და კომპანიებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს. რამდენიმე დღეში აგრესორი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროსგან ყველაზე იზოლირებულ სახელმწიფოდ იქცა.