საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადება განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომის თაობაზე განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს, დასკვნის პროექტს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამზადებს.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 26 აგვისტოს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომიტეტს მიაჩნია, რომ ანრი ოხანაშვილს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება“, - ნათქვამია დასკვნის პროექტში.
კომიტეტის დასკვნის პროექტი პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება.