მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების თაობაზე ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
ცვლილებები „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შედის.
პროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივა გარდამავალ დებულებას შეიცავს, რომლის თანახმად, მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობა.
„ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი ორგანოების გამართულ, ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას. საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება დანაშაულის ხერხები და საშუალებები. შესაბამისად, მუდმივ დახვეწასა და ტრანსფორმაციას საჭიროებს სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკა, დანაშაულთან ბრძოლის მიდგომები და მეთოდები. არსებული სამთავრობო სტრუქტურა არ ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს. ამავე დროს, სამართალდაცვითი ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე უწყებაში. აღნიშნული უწყებების ოპერატიული კოორდინაციის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული მაკოორდინირებელი უწყება მთავრობის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებაა. ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან. აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება“, – ნათქვამია კანონპროექტში.
ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობა შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდეს.




