"მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი, როგორი იქნება პარტიების გაშლა ახალ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენც გვაქვს საშუალებები გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები.  ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2024 წლის 14 დეკემბერს ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

ცესკოს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.