საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს განცხადებას.
"როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, ცოტა ხნის წინ განაცხადა: "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში
პარტია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადების შემდეგ,
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ იხუმრა.
„მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა. სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, ვიდრე არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. როცა ნახეს, კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია და ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.