დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაგვიბრუნდებით და ჩამოხვალთ ძალიან ბევრი მედლით, – ასე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და განმარტა, რომ ოლიმპიელების შემართებაში დარწმუნებულია.
„მოგესალმებით ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებო, ვინც დღეს მიდიხართ საფრანგეთში, რათა საქართველო წარმოადგინოთ და საქართველოსთვის მოიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი. ჩვენ, რაც ვმონაწილეობთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მივიღეთ 40 მედალი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე აუღია ბევრ ქვეყანას, რომელიც ოლიმპიადაზე მონაწილეობს საუკუნეზე მეტი. ასე რომ, მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ თქვენს გამარჯვებაში. თქვენ არამხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები ბრძანდებით, ასევე ხართ ამ ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. მაგალითი შემართების, თავდადების, პროფესიონალიზმის, მაგალითი, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე, როცა გინდა, უფრო მაღალ ეტაპზე ახვიდე; მაგალითი ქვეყნისთვის და შენი გამარჯვებისთვის, პირადიც არ უნდა დავივიწყოთ, ეს ორივე ერთად მოდის.
თქვენ მზად ხართ ძალიან ბევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ დღეს არის ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც არის ეგზისტენციალური. ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა. ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთად გახარების, რაც ძალიან გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ წარმატებით დაგვიბრუნდებით და ესეც იქნება ერთი დიდი გახარების მომენტი. მინდა, მოგიწვიოთ პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩამოხვალთ. თქვენ ჩამოხვალთ ძალიან ბევრი მედლით. მართალია, ამ წელს რაოდენობით ნაკლები ხართ, როგორც გუნდი, მაგრამ ხარისხით, დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და ჩვენთან დაბრუნებას ძალიან დიდი წარმატებით, ჩვენ რომ გაგვახაროთ, თქვენც რომ გაიხაროთ. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.