„რეჟიმი არ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი საქართველოში დიდ ხანია, არ ყოფილა. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უღრმესი უდიდესი კრიზისიდან და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები." ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

"ამას ითხოვენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიღოთ მზად. არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ, დაგეხმაროთ, რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს ლაპარაკი – მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ – ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.